აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიება გაიმართა

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიება გაიმართა.

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში შედგა აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის "ჰიბრიდული ომი"-ს პრემიერა და ეროვნული მედეგობის ცენტრის დაფუძნება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

"აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვდგავართ მკაცრი რეალობის წინაშე. ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს შეცვალოს თავისი კონფრონტაციული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს აღარ გვიკვირს, ჩვენი ისტორიის უწყვეტ ხაზად მრავლად არის ასეთი ტრაგიკული მოვლენები, რომელთაც საერთო ერთი აქვთ, ეს არის რუსეთის ფედერაციის მიუღებლობა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი თავისუფალი არჩევანის.

ამავდროულად კიდევ ერთი საერთო მახასიათებელია, რომელიც ასევე ხაზად გაჰყვება მთელ ჩვენს ისტორიას, ეს არის ჩვენი ეროვნული მედეგობა, რომელიც ის უნიკალური თვისებაა, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია ჩვენი ქვეყანა. რაც არ უნდა ძლიერი ყოფილიყო მტერი, რაც არ უნდა მძიმედ დავცემულიყავით, ჩვენ ყოველთვის ვდგებით ფეხზე და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ვაგძელებთ ბრძოლას ჩვენი არჩევანისთვის, ჩვენი თავისუფლებისათვის.

სწორედ ასეთი გამორჩეული ეროვნული მედეგობაა ის უნიკალური იარაღი, რომელმაც 2008 წელს საქართველო კიდევ ერთხელ გადაარჩინა. 
ბევრი, ამ დარბაზში, არის იმ მოვლენების უშუალო მომსწრე და მონაწილე. ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა შემართება და თავდადება სუფევდა მთელ ქვეყანაში, როგორი მიუღებლობა იყო თუნდაც იმ აზრის, რომ საქართველოს შესაძლოა შეეწყვიტა არსებობა იმ ფორმით, რომლითაც ჩვენ ავირჩიეთ. ასეთი მძლავრი გენეტიკური ღერძის მქონე და ამავდროულად ცოდნით აღჭურვილი საზოგადოება, საკუთარ სიმტკიცეში დარწმუნებული საზოგადოება ძალიან დიდ სამსახურს უწევს როგორც სამშობლოს, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

სწორედ ამ მიზანს, საზოგადოებაში ეროვნული მედეგობის განმტკიცებას, საზოგადოების მიერ თავისი შესაძლებლობების და თავისი უნიკალური უნარის გააზრებას ისახავდა მიზნად 2016 წელს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, “ერთიანი ეროვნული მიდგომა,” ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. სწორედ ამ პროცესის შედეგად ძალიან დიდი მანძილი გავიარეთ ყველამ ერთად, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ეს ხედვა და აზრი, რომ საქართველოში აუცილებელია ერთიანი პლატფორმის არსებობა ეროვნული მედეგობის ცენტრის სახით.

დღეს, ომიდან 10 წლის შემდეგ, ყველა საუბრობს ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ და ამ ომთან ბრძოლის მეთოდებზე ფიქრობს. ნატო და ევროკავშირი აყალიბებენ პოლიტიკას, სტრატეგიასა და კანონმდებლობას, ქმნიან ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ომია, რომლის მეთოდების საცდელი ლაბორატორია რუსეთმა ჩვენს მიწა-წყალზე მოაწყო, რომ აქ ჩვენს მოსახლეობაზე სცდიან ჰიბრიდული მეთოდების იმ ვირუსებს, რომელსაც ჩვენ შემდეგ რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, წარმატებით ავრცელებს მთელ მსოფლიოში.
შესაბამისად, სავსებით ლოგიკური და ბუნებრივია ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, რომ აუცილებელია, სწორედ აქ, საქართველოში შეიქმნას ის ვაქცინა, რომელიც ამ ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაში გამოგვადგება, როგორც ჩვენ, ისე ჩვენს პარტნიორებს, რომელიც ამ ეპიდემიას შეაჩერებს. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს უპირატესი გამოცდილება აქვს, თუნდაც ბევრ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანასთან შედარებით, აღნიშნული მიმართულებით. ამიტომ საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა და შანსი შექმნას ახალი ნიშა, რომლითაც შეძლებს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ ერთი, თვისობრივად და ხარისხობრივად განსხვავებული კონტრიბუცია გააკეთოს საერთო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეროვნული მედეგობის ცენტრი ითანამშრომლებს უკვე არსებულ ე.წ. დახელოვნების ცენტრებთან, რომლებიც შეიქმნა ევროკავშირის, ნატოს და ნატოს ქოლგის ქვეშ, შეეცდება რომ ჰქონდეს მაქსიმალური კოორდინაცია აღნიშნულ ორგანიზაციებთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ორგანიზაციას შეუერთდებიან, როგორც უსაფრთხოების თემის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები და გაითავისებენ ამ ერთან მიზანსა და ამოცანას. ვფიქრობთ, რომ როდესაც ამ თვალსაზრისით მოიაზრება საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია, საქართველოში არსებული ეროვნული მედეგობის ცენტრი იქნება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის სამხრეთ-აღმოსავლეთ დასაყრდენი ადგილი, ციხესიმაგრე."

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   December 2018   
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
101112131415
16
17181920212223
24252627282930
31      
banners