
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ეროვნული ღირებულებები და ინტერესები, ჩამოყალიბებულია ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვა და განსაზღვრულია სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ბოლო ვერსია 2011 წლით თარიღდება. ბოლო წლების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონსა და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გარემოს ცვლილებების შედეგად, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე დაიწყო მუშაობა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია. დოკუმენტის განახლების მიზნით, მიმდინარეობს კონსულტაციები და შეხვედრები, როგორც უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, ასევე პარტნიორი ქვეყნების, ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
