
აპარატის საქმიანობა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
საბჭოს აპარატი არის პოლიტიკურად ნეიტრალური, სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ და სხვა ტიპის ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური.
აპარატის ძირითადი ფუნქციები:
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, უშუალოდ მისი მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა
- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი მუდმივ რეჟიმში ამზადებს საინფორმაციო-ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას მიკუთვნებულ სფეროებში, როგორებიცაა: სახელმწიფო თავდაცვა, საგარეო უსაფრთხოება, შიდა უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება, ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება, სამოქალაქო უსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება და მართლწესრიგი.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის უზრუნველყოფა
- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, საბჭოსთან არსებული, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში და შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფების მეშვეობით, კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და გადახედვის/განახლების პროცესს. ის აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ რისკებს/გამოწვევებს და ერთიანი სამთავრობო მიდგომის გათვალისწინებით, ახორციელებს სხვადასხვა უწყების პოზიციების შეჯერებას.
სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე კრიზისული ვითარების მართვის უზრუნველყოფა
- საბჭოს აპარატის ფარგლებში, კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი) ფუნქციონირებს, რომელიც თავის მხრივ, სხვა საკითხებზე მუშაობასთან ერთად, ეროვნული სიტუაციური ოთახის ოპერირებას უზრუნველყოფს. ეროვნული დონის კრიზისული ვითარების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საბჭოს აპარატი ეროვნული სიტუაციური ოთახის გააქტიურებას ახორციელებს.
საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
- შესაბამისი საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება;
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მონიტორინგი და ანალიზი;
- უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინირება;
- ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და მაღალი ხარისხის ანალიტიკური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელევანტურ უწყებებთან ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობა;
- საბჭოს სხდომებისა და შესაბამისი ოქმების მომზადება;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ცალკეულ მიმართულებებზე, კონკრეტული პროექტების კოორდინაცია: ა) კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმა; ბ) კიბერუსაფრთხოება; გ) ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა; დ) შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში სტრატეგიული ხედვის შემუშავება და შესაბამისი მიმართულების კონკრეტული პროექტების მეშვეობით გაძლიერება.