
საბჭოს თავმჯდომარე


2021 წლის 22 თებერვლიდან ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია.
2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
2019 წლის მარტიდან იგი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრია.
2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის აგვისტომდე ირაკლი ღარიბაშვილი კერძო სექტორში მოღვაწეობდა.
2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე იგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
2012 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი გახდა.
2009 წლის ივლისიდან 2012 წლის ივნისამდე იყო შპს „ქართული ოცნების“ დირექტორი, ამასთან, 2007 წლის დეკემბრიდან 2012 წლის თებერვლამდე იგი იყო ს.ს. „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2005-2012 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი იყო.
2005 წელს იგი შპს „ბურჯის“ (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერის, შემდეგ კი ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2001-2002 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტაჟიორი.
ირაკლი ღარიბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს ფლობს.
მან დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
სრულყოფილად ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.