
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ დელეგაცია ეწვია
11 მაისი 2022
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა სტუმრებს საბჭოს როლი და მისი აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ასევე ისაუბრა საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტების შესახებ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ეროვნული სიტუაციური ოთახის ძირითადი ფუნქციები გააცნეს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თანადგომით, ბრიტანული მოდელის, ე.წ. „COBR“-ის მიხედვით და ქართული რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა.
ყურადღება გამახვილდა COVID-19 გავრცელების დროს უწყებათაშორის კოორდინაციაზე, ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესსა და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაზე.
დელეგაციის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, გერმანიის, ომანის, ყატარის, ბაჰრეინის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ლიბანის, პაკისტანის, ბოტსვანას და ნეპალის უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლები და კოლეჯის აკადემიური პერსონალი იმყოფებოდა.