
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
21 დეკემბერი 2022
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ერნსტ პეტერ ფიშერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა სტუმარს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურა გააცნო და უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტებსა და ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის შესახებ ესაუბრა.
მხარეებმა შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში საბჭოს აპარატსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. ელჩმა აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრას დაესწრნენ გერმანიის თავდაცვის ატაშე, ანდრეას სებალდი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, გიორგი ღიბრაძე და საბჭოს აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელები.