კიბერუსაფრთხოების სფეროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
13 თებერვალი 2024ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში დონორთა წლიური საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, უნგრეთის, ნიდერლანდების, დანიის, ესტონეთის და იაპონიის საელჩოების, ასევე, ევროკავშირის დელეგაციის, ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის და საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ გახსნა. „უაღრესად მნიშვნელოვანია იმ პრიორიტეტების გამოკვეთა, რომელიც საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედ წამყვან უწყებებს გააჩნიათ. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზება, რათა დონორთა მხრიდან განხორციელებული განვითარების ხელშეწყობის პროგრამებსა და ქართული საჯარო უწყებების სპეციფიკურ საჭიროებებს შორის სრული თანხვედრა არსებობდეს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
კონფერენციის მსვლელობისას, კიბერუსაფრთხოების სფეროში წამყვანი უწყებების წარმომადგენლებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და „კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულებაზე ისაუბრეს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
კიბერუსაფრთხოების სფეროში დონორთა კოორდინაციას წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საელჩო ახორციელებდა. 2023 წლის ნოემბრიდან აღნიშნული ფუნქცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს გადმოეცა. დონორთა წლიური საკოორდინაციო შეხვედრა „გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამის“ მხარდაჭერით გაიმართა.