საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, რამილ უსუბოვი ეწვია
12 მარტი 2024ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოწვევით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, რამილ უსუბოვი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, რამილ უსუბოვმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონულ პროექტებს.
მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღინიშნა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრო.
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ასევე, განხილულ იქნა უსაფრთხოების სფეროში არსებული აქტუალური საკითხები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.
აზერბაიჯანელმა სტუმარმა, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკო.