საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
7 ოქტომბერი 2021ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტი, 2021-2024 წწ. „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“ და მისი სამოქმედო გეგმა მთავრობის მიერ დამტკიცდა.
სტრატეგიის სამოქმედო პერიოდის გათვალისწინებით, დოკუმენტში 4 პრიორიტეტული მიზანი არის განსაზღვრული, კერძოდ: 1. ინფორმაციული საზოგადოებისა და ორგანიზაციების კიბერკულტურის განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება; 2. კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემის მდგრადობა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერება; 3. კიბერშესაძლებლობების განვითარება ძლიერი ადამიანური რესურსითა და სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით; 4. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო და დაცული ქვეყნის როლის გაძლიერება. აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის, სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში კონკრეტული აქტივობები არის გაწერილი, რომელთა შესრულებაც შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
საქართველოში, კიბერუსაფრთხოების რიგით მე-3 ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის კოორდინაციას, 2021 წლიდან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი უზრუნველყოფდა. შესაბამისი დოკუმენტების საბოლოო სახით ჩამოყალიბება, კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის (GCGC) ფარგლებში განხორციელდა.
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ინკლუზიურ სამუშაო ფორმატში, სხვადასხვა დაინტერესებული აქტორის ჩართულობით იქნა შემუშავებული. აღნიშნული დოკუმენტები შემუშავდა როგორც შესაბამისი უწყებების, ისე სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი ექსპერტიზის გათვალისწინებით. კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის მხარდაჭერაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი პროგრამის ფარგლებში მომუშავე ბრიტანელმა ექსპერტებმა.
მიმდინარე წლის ზაფხულში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც, ერთ-ერთ საკითხად, „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა“ და მისი სამოქმედო გეგმის პროექტები იქნა განხილული. კომისიის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული დოკუმენტების საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენასთან დაკავშირებით.