
დამტკიცდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ სტრატეგია
7 აპრილი 2023
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგია“ და მისი სამოქმედო გეგმა მთავრობის მიერ დამტკიცდა.
აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკურ განაცხადს, აღასრულოს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები, ასევე გაითვალისწინოს ფულის გათეთრების პრევენციის ევროპული დირექტივა.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიღება ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენამდე, სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის პროექტები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იქნა განხილული.