ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა
3 ივნისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელთან, ელჩ მარეკ შჩიგელთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ადგილზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით EUMM-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს დაეთმო.
საუბრისას კახაბერ ქემოკლიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვის უპრეცედენტო ნეგატიურ გადაწყვეტილებასა და მის თანმდევ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.