ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის დაგეგმვისა და შეფასების თემაზე სემინარი გაიმართა
10 ივნისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის დაგეგმვისა და შეფასების თემაზე, ორდღიანი სემინარი გაიმართა.
სწავლებას, SNGP-ის ფარგლებში კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის იმპლემენტაციის წამყვანი სახელმწიფოს , დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები - ულრიკ კელერი და მორტენ კრუკოვ ველინგი უძღვებოდნენ.
ღონისძიება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) დირექტორმა, გიორგი ღიბრაძემ გახსნა. მან მიმოიხილა საქართველოს კრიზისული ვითარების მართვის არსებული სისტემა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა და განსახორციელებელი ღონისძიებები.
დანიელმა კოლეგებმა შეხვედრის მონაწილეებს კრიზისული ვითარების მართვის კუთხით დანიის სამეფოს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. სემინარზე განხილულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის კომპლექსური მზადყოფნის დაგეგმვის გზამკვლევი.
შეხვედრაში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.