ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მხარდამჭერ ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია
16 ნოემბერი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მხარდამჭერ ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და სექტორული უწყებების შესაბამისი წარმომადგენლების, ისევე როგორც ბრიტანელი სტუმრების მონაწილეობით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრებზე განხილულ იქნა კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მიმდინარეობა, ისევე როგორც კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ (30.09.2021), იმპლემენტაციის ეტაპზე განსახორციელებელი აქტივობები.
უცხოელმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი პროგრამის ბორდის (PB) შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა.
კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაცია ბრიტანელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ახდენს ბრიტანელი ექსპერტების მხარდაჭერის ფორმალიზებას. რეფორმის განხორციელება სხვადასხვა სამოქმედო მიმართულებაზე კონკრეტული შედეგების მიღწევას გულისხმობს.