ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა სამოქალაქო საზოგადოებას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სამუშაო ვერსია წარუდგინა
31 იანვარი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მიზნით, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა, ექსპერტებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი წარუდგინეს.
დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათშორის ფორმატში შემუშავდა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა კონცეფციის პროექტის სტრუქტურა და შინაარსი განიხილეს. დოკუმენტის საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნამდე, სამოქალაქო საზოგადოებასა და უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობა იგეგმება.
საქართველოს მთავრობის მიერ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის საკანონმდებლო ორგანოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე არის დაგეგმილი.
დოკუმენტი ასახავს ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას და განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს.