ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ესტონეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
8 აპრილი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რიინა კალიურანდთან და მის მოადგილესთან, მარგუს გერინგთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
რიინა კალიურანდმა გივი თუმანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა სტუმრებს საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტების შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკვე დამტკიცებული კონცეპტუალური დოკუმენტის - კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის საკითხს.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების საკითხი. მხარეებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული დოკუმენტის განხილვის პროცესში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის ფაქტორი.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. გივი თუმანიშვილმა სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. გივი თუმანიშვილმა რიინა კალიურანდს და მარგუს გერინგს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში ესტონური მხარის აქტიური მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.
შეხვედრას, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.