ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი უცხოელ მრჩეველთა ჯგუფის წევრებს შეხვდა
4 აპრილი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან არსებულ უცხოელ მრჩეველთა ჯგუფის მუდმივ წევრებთან: სამხედრო საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ მრჩეველთან, კლერ ევისონთან, თავდაცვის საკითხებში აშშ-ის მრჩეველთან, მაიკლ მასლისთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელთან, ნორბერტ ჰესთან და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი რუშენ აბიდინოგლუსთან.
გივი თუმანიშვილმა სტუმრებს საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მან ხაზი გაუსვა მრჩეველთა ჯგუფთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის როლისა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწყებათშორისი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან შექმნილია უცხოელ მრჩეველთა ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატებზე რჩევებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს.
შეხვედრას, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.