ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა
1 აგვისტო 2019საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა.
კახაბერ ქემოკლიძეს აღნიშნული პოზიცია 2018 წლის აპრილიდან დღემდე ეკავა.
2001-2007 წლებში მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის განხრით.
2010-2011 წლებში ევროკომისიის სრული სტიპენდიით ლეიდენის უნივერსიტეტში (ლეიდენი, ნიდერლანდები), მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში.
2008 წელს, აშშ-ს მთავრობის სრული სტიპენდიით სტაჟირება გაირა აშშ-ში (ქ. სიეტლი, ვაშინგტონის შტატი), არასამთავრობო ორგანიზაცია “EarthCorps”-ში.
2005-2010 წლებში კახაბერ ქემოკლიძე საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. საჯარო სექტორში მუშაობა 2011 წელს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში უფროსი ანალიტიკოსის პოზიციიდან დაიწყო.
2012-2013 წლებში ის გახლდათ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2015 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მოგვიანებით კი ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
2015-2018 წლებში მან საქმიანობა განაგრძო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს), საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.
2012 წლის ივნისიდან - 2018 წლის აპრილამდე, ის იყო შსს-ს, მოგვიანებით სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე (ერგნეთი / გალი). 2016-2018 წლებში ის ასევე იყო ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების „სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის“ შეხვედრებზე.
დღეიდან კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკური ცენტრი.