ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის ექსპერტების მონაწილეობით კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დაცვის თემაზე, ონლაინსემინარი გაიმართა
1 ივლისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მხარდაჭერით, კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დაცვის თემაზე, ონლაინსემინარი გაიმართა.
შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სერგო თურმანიძე და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის წარმომადგენლები - კიბერუსაფრთხოების პროგრამის დირექტორი, ეპ მაატენი და კიბერუსაფრთხოების უფროსი ექსპერტი, მერლე მაიგრე უძღვებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ევროკავშირის NIS დირექტივის სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
ესტონურმა მხარემ კიბერუსაფრთხოების მიზნებისთვის ეროვნული კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირების საკითხებზე, შესაბამის მეთოდოლოგიასა და კრიტერიუმებზე, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკულ მაგალითებზე ისაუბრეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ესტონელი კოლეგების ინფორმირება მოახდინეს და კონკრეტულ მიმართულებებზე თანამშრომლობის ინიციატივების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაში ციფრული მმართველობის სააგენტოს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) 2002 წელს დაარსდა და ესტონეთის მთავრობის, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა (OSI) და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.