კახაბერ ქემოკლიძემ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მე-7 რაუნდის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა
10 სექტემბერი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მე-7 რაუნდის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა.
დიალოგის ფორმატში, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულების გახსნით სესიაზე, კახაბერ ქემოკლიძემ რეგიონში უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა და შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიულ ხედვებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და უორდროპის სტრატეგიულ დიალოგთან დაკავშირებულ მოლოდინებს შეეხო.
ვიდეოკონფერენციის თემატური ნაწილი კახაბერ ქემოკლიძის და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის თანათავმჯდომარეობით წარიმართა.
კახაბერ ქემოკლიძემ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ასევე, კიბერუსაფრთხოებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
უორდროპის სტრატეგიული დიალოგის თემატურ სესიაში, ასევე, მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.