კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის (GCGC) შეხვედრები გაიმართა
14 მაისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის (GCGC) ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სერგო თურმანიძე უძღვებოდა.
სამუშაო შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, იუსტიციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიებაში, ასევე, ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის („კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“) წარმომადგენლები და ბრიტანელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის მიმდინარეობაზეც იმსჯელეს.
კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.