კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის თემაზე ონლაინ სემინარი გაიმართა
19 ნოემბერი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ესტონეთის ინფორმაციული სისტემების უწყების (Information System Authority of Estonia) ჩართულობით, გაიმართა დისტანციური სემინარი, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს შეეხებოდა.
ღონისძიებაში, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სემინარი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და ესტონეთის ინფორმაციული სისტემების უწყების წარმომადგენლებმა შესავალი სიტყვით გახსნეს. მათ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული ბოლო ტენდენციები მიმოიხილეს და შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი უწყებების პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
სემინარის ფარგლებში, ესტონელმა ექსპერტებმა განიხილეს კრიტიკული (ინფორმაციული) ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით, ევროპულ ქვეყნებში არსებული მიდგომები, მათ შორის, შესაბამისი აქტორების თანამშრომლობის ფორმატები და საფრთხეების შეკავების მეთოდები. ონლაინ-შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული ქვეყნების გამოცდილებას სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით (ინციდენტების მართვა, კიბერსაფრთხეების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება).
მომხსენებლების პრეზენტაციების შემდეგ, დისკუსია განსახილველ საკითხებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.