კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის თემაზე კონფერენცია გაიმართა
5 ოქტომბერი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის თემაზე, დისტანციური კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოდან მონაწილეობა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა, ხოლო აშშ–ის მხრიდან - ხაზინის დეპარტამენტის ფარგლებში მოქმედი, აშშ–ში უცხოური ინვესტიციების კონტროლის კომიტეტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
აშშ-ის მხარემ, ქართველ კოლეგებს გააცნო აშშ–ში უცხოური ინვესტიციების კონტროლის კომიტეტის საქმიანობა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლით საინვესტიციო ტრანზაქციების კონტროლთან (ე.წ. “investment screening”) დაკავშირებული თემატიკა, ასევე, შესაბამისი პროცედურული საკითხები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმები.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა, ამერიკელ კოლეგებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმა და შესაბამისი სამოქმედო მიმართულებები გააცნეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კომპლექსური რეფორმა ორი მიმართულებით ხორციელდება. პირველი მათგანი გულისხმობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, ხოლო რეფორმის მეორე მიმართულება მოიცავს შემდეგ საკითხებს: კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ეროვნული ნუსხის შედგენა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების სტანდარტების („უსაფრთხოების სტანდარტები“) გაწერა და მათი აღსრულების მონიტორინგი, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება.