საინვესტიციო საქმიანობის ეფექტური რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით დისტანციური სამუშაო შეხვედრები გაიმართა
26 იანვარი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს კოორდინაციით, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და უცხოური ინვესტიციების კომიტეტის (CFIUS) მხარდაჭერით, საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ეფექტური რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით სამ დღიანი დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამერიკელმა კოლეგებმა ქართველ კოლეგებს გააცნეს აშშ-ს უცხოური ინვესტიციების რეგულირებისა და კონტროლის მოდელი კონკრეტული მაგალითების (case studies) გამოყენებით. ღონისძიების დროს არაერთხელ ხაზი გაესვა, ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, უცხოური ინვესტიციების რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას.
სამუშაო შეხვედრაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, სახელმწიფო ელექტროსისტემის, საპარტნიორო ფონდის, სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის და უცხოური ინვესტიციების კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კომპლექსური რეფორმა ორი მიმართულებით ხორციელდება. პირველი მათგანი გულისხმობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, ხოლო რეფორმის მეორე მიმართულება მოიცავს შემდეგ საკითხებს: კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ეროვნული ნუსხის შედგენა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების სტანდარტების („უსაფრთხოების სტანდარტები“) გაწერა და მათი აღსრულების მონიტორინგი, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება.