საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი დასრულდა
26 სექტემბერი 2020საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და მთავრობის მხარდაჭერით პირველად გაიმართა, დასრულდა.
კიბერუსაფრთხოების ფორუმის სასესიო ნაწილში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ ფორუმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას კიბერსივრცის უსაფრთხოება და დაცულობა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების დამტკიცების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების წარმომადგენლებმა, აუდიტორიას კიბერუსაფრთხოების სფეროში თავიანთი საქმიანობის მიმართულებები გააცნეს და ქვეყანაში კიბერარქიტექტურის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ფორუმის მონაწილეებმა არჩევნებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების ასპექტები, ასევე, ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩო განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში.
საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოების რელევანტური უწყებებიდან მოწვეულმა სპიკერებმა - საქართველოს კიბერსივრცის დაცულობასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.