შავი ზღვის რეგიონში რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, უცხოელ ექსპერტებთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა
15 აპრილი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, შავი ზღვის რეგიონში რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე დისტანციური სემინარი გაიმართა.
ღონისძიებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საბჭოს აპარატის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, სერგო თურმანიძე და დიდი ბრიტანეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონში რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეები.
სერგო თურმანიძემ შეხვედრის მონაწილეებს, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები, ისევე, როგორც მომავალი გეგმები გააცნო. შავი ზღვის რეგიონში რუსული დეზინფორმაციის თავისებურებებთან ერთად, მან, ასევე, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე, კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესზე ისაუბრა.
უცხოელი ექსპერტების მხრიდან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთან მიმართებაში წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიებს, მათი გამოვლენის საკითხებსა და შესაბამისი აქტივობების რეგიონული განზომილების წარმოჩენას.
ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე უწყებათშორისი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.