NATO-საქართველოს PDP-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ონლაინსემინარი გაიმართა
9 ოქტომბერი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის რეგიონში არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით ონლაინსემინარი გაიმართა.
დისტანციური სემინარი ეკონომიკის დოქტორმა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტმა (გადამდგარი), ანჯეი ფალკოვსკიმ ჩაატარა.
შეხვედრას საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების დასაწყისში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა საქართველოს წინაშე არსებული ჰიბრიდული საფრთხეები მიმოიხილეს.
ანჯეი ფალკოვსკიმ შავი ზღვის რეგიონში არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე ვრცლად ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის ჰიბრიდულ ინსტრუმენტებზე და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილა. საკუთარ მოხსენებაში, მოწვეული ექსპერტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ამ კუთხით არსებულ სირთულეებსაც შეეხო. სემინარის ფარგლებში, რეგიონის ქვეყნების ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მდგრადობის გაძლიერების საკითხიც იქნა განხილული.
ეკონომიკის დოქტორი და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი), ანჯეი ფალკოვსკი, ამჟამად, უკრაინის თავდაცვის რეფორმების მრჩეველთა საბჭოს წევრია. მას არაერთი სამხედრო და დიპლომატიური თანამდებობა ეკავა, მათ შორის, იყო პოლონეთის სამხედრო წარმომადგენელი NATO-სა და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტებში.