ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით RUSI-ს მკვლევარებთან და უცხოელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა
26 თებერვალი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ორგანიზებით, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები ონლაინ რეჟიმში ორ ეტაპად გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო იობაშვილი და RUSI-ის უფროსი მკვლევარი პოლ ონილი, ხოლო მონაწილეობდნენ საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები: ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი, ლონდონის სამეფო კოლეჯისა და RUSI-ის მკვლევარი, პროფესორი მაიკლ კლარკი, თავდაცვის სამეფო კოლეჯის პროფესორი დენის კიფი, ჩილეს საზღვაო ძალების ყოფილი ადმირალი და თავდაცვის სტრატეგიის ავტორი, კრისტიან დე ლა მაზა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და RUSI-ის უფროსი მკვლევარი, პოლ კორნიში და RUSI-ის მკვლევარი მარინა ვოროტნიკი. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის არსებულ სტრუქტურა და იმსჯელეს კონკრეტულ თავებთან დაკავშირებით. მოწვეულმა სტუმრებმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების პროცესში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი მომავალი თვეების განმავლობაშიც განაგრძობს RUSI-სთან აქტიურ თანამშრომლობას.