ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა
21 თებერვალი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ნატოს 29 წევრმა ქვეყანამ პირველად მოუსმინა ქართულ მხარეს. შეხვედრისას განხილულ იქნა ახალშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლი უსაფრთხოების არქიტექტურაში, ქვეყნის წინაშე არსებული ჰიბრიდული გამოწვევები და თანამშრომლობის სამომავლო ფორმატები.
ამასთანავე, კახაბერ ქემოკლიძემ ნატოს მაღალი დონის წარმომადგენლებთანაც გამართა ორმხრივი შეხვედრები. საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა შედგა უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ანტონიო მისიროლისთან და დაზვერვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, დეივიდ კატლერთან. შეხვედრებზე კახაბერ ქემოკლიძემ ნატოს მხარეს ეროვნული უსაფრთხოების გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პარტნიორობის სამომავლო ფორმატებზე ისაუბრა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან: ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე სოფი ფრომ ემესბერგერთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისა (CSDP) და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელ პაველ ჰერჩინსკისთან, ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურ ვინჩენცო კოპოლასთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“ ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროს რიჩარდ ტიბელსთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დაზვერვისა და სიტუაციების ცენტრის დირექტორ ჟოზე მორგადოსა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) სამხედრო აპარატის დაზვერვის სამმართველოს უფროს რადოსლავ იეზევსკისთან.
მხარეებმა შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები, ახალშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის როლი და სამომავლოდ დაგეგმილი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე.