ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
16 ივლისი 2020ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების წარმართვა და საინფორმაციო გარემოში მიმდინარე აქტუალური საკითხები, - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ორგანიზებით, NATO-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის ჩართულობით, ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეკრებას და მათთვის სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და საინფორმაციო გარემოს შეფასების შედეგად მოპოვებული აქტუალური საკითხების გაცნობას.
ვიდეოკონფერენციაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ და NATO-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის დირექტორმა იანის სარტიმ, ხაზი გაუსვეს ეფექტური
სტრატეგიული კომუნიკაციების წარმართვისა და საინფორმაციო გარემოში არასასურველი გავლენების, მათ შორის, ყალბი და მცდარი ინფორმაციის გავრცელების დადგენის მნიშვნელობას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა, ქართველი საჯარო მოხელეებისთვის ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მსვლელობისას, ექსპერტებმა განიხილეს დიგიტალურ სივრცეში საარჩევნო უსაფრთხოება, COVID-19-ის კრიზისის დროს რუსეთისა და ჩინეთის მიერ, საინფორმაციო სივრცეში განხორციელებული ქმედებები, ლატვიის სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების საუკეთესო გამოცდილება და ე.წ. დიფფეიკების (Deepfakes) ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გამოწვევები.