ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მხარდამჭერ ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი ეწვია
11 ივნისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მხარდამჭერ ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო თურმანიძემ, ბრიტანელ სტუმრებთან ერთად, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რამდენიმე შეხვედრა გამართა.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მიმდინარეობა, კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები და რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით განსახორციელებელი აქტივობები.
მხარეებმა შესაბამის კონცეპტუალური და სამართლებრივი ბაზის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ამასთან, ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, ბრიტანელი ექსპერტების, დონორი ორგანიზაციების, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებისა და კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მონაწილეობით, შესაბამისი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ბრიტანელმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი პროგრამის ბორდის (PB) შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა.
კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაცია ბრიტანელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ახდენს ბრიტანელი ექსპერტების მხარდაჭერის ფორმალიზებას. რეფორმის განხორციელება სხვადასხვა სამოქმედო მიმართულებაზე კონკრეტული შედეგების მიღწევას გულისხმობს. აღნიშნული მოიცავს როგორც უშუალოდ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების დამტკიცების უზრუნველყოფას, ასევე, პრაქტიკული თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს.