პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგულირებისა და კონტროლის ფინურ მოდელთან დაკავშირებით, დისტანციური შეხვედრა გაიმართა
25 მაისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის ფინურ მოდელთან დაკავშირებით, დისტანციური შეხვედრა გაიმართა.
კონფერენციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინეთის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფინელმა კოლეგებმა უცხოური ინვესტიციების კონტროლის სისტემის სპეციფიკაზე ისაუბრეს. საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა ფინელ კოლეგებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კომპლექსური რეფორმა ორი მიმართულებით ხორციელდება. პირველი მათგანი გულისხმობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, ხოლო რეფორმის მეორე მიმართულება მოიცავს შემდეგ საკითხებს: კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ეროვნული ნუსხის შედგენა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების სტანდარტების („უსაფრთხოების სტანდარტები“) გაწერა და მათი აღსრულების მონიტორინგი, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება.